2 All Who Loves 2 Live :))

WELCOME!

Pages

Monday, March 29, 2010

Думают люди в Ленинграде и в Риме...

6.07.2009


გუშინ გიო პირველად გადაეყარა სიკვდილის ფაქტს: აგარაკზე ავედით და ჭიშკარი გავაღეთ თუ არა, აივნის ქვეშ მკვდარი იხვის ჭუჭული დავინახეთ. 
”ვაიმე - თქვა დედაჩემმა - მომკვდარა!” 
გიო გაექანა. არ მინდოდა ენახა, მაგრამ მისი შეჩერება ვეღარ მოვასწარი. 
იხვს უკვე ჭიანჭველები ეხვია და როგორც იცის ხოლმე - გაბრტყელებულს გავდა.
ვიფიქრე შეეშინდებოდა, მინდოდა გაცლოდა, მაგრამ ცნობისმოყვარედ დასჩერებოდა. რამოდენიმეჯერ იკითხა - რამ მოკლაო.  მერე თქვა - წამალს დავალევინებ და გაცოცხლდებაო - და მივხვდი, სუ ტყუილად ვდარდობდი, სიკვდილის არ შეეშინდეს-მეთქი.
ბავშვებს სიკვდილის როდის იყო ეშინოდათ?
სიკვდილის მე მეშინია. ისე ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, რომ უკვე ვითრგუნები კიდეც. ადრე სულაც არ მანაღვლებდა როდის მოვკვდებოდი და საერთოდ, მოვკვდებოდი თუ არა. ახლა, იმის გაფიქრებაზეც, რომ გაჩიჩინებული, გაფშეკილი, უსულო გვამი ვიქნები, გული მეკუმშება და მეტირება. თავი თუ მებრალება, ალბათ.  ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ ბავშვები მომენატრებიან და ვერ ვნახავ.. ფიქრობთ - გიჟია ეს ოხერიო. სავსებით გეთანხმებით, ალბათ ვარ კიდეც. ცოტათი მაინც.
არადა, იყო დრო სიკვდილზე საერთოდ არ ვფიქრობდი. აი, ზუსტად ისე, როგორც რუსული ჯგუფის ”სპლინის” ერთ-ერთი სიმღერის ტექსტშია -
”Думают люди в Ленинграде и в Риме:
Смерть- это то, что бывает с другими..”
მეგონა სამყარო ლამის ჩემს ირგვლივ თუ ტრიალებდა (ახლაღა ვხვდები, რომ  ასე მეგონა)...
ახლა, სიცოცხლეს ისე აღვიქვამ, როგორც ”საშინაო დავალებას”. რაღაცას, რაც უბრალოდ,  შეძლებისდაგვარად კარგად უნდა შეასრულო.
ყველაფერი, რაც იწყებ, ამთავრებ კიდეც ოდესმე. ჰოდა, უკვე ვიცი, რომ სიკვდილი გარდაუვალი ამბავია.
გიო მეუბნება - გაკოცებ და გაცოცხლდებიო! კარგია, რომ მართლა ასე იყოს!

ამ ბოლო დროს  (ალბათ აქამდეც, მაგრამ, ალბათ ადრე არ ვისმენდი და არც ვნაღვლობდი) იმდენი საშინელება ხდება: ბავშვი მოკლეს, დაჭრეს და ჩანთით დამარხეს.. დაჭრილი ადამიანი სისხლისაგან იცლებოდა  და სასწრაფოში უპატრონოდ, უყურადღებოდ მიაგდეს.. ან ეს მოზარდები, უმოწყალოდ რომ ჟლეტენ ერთმანეთს..
ისეთი ზაფრა მაწევს! 
ბავშვებს ვეფერები და ვფიქრობ, ის საბრალოებიც ხომ იყვნენ პატარები, იმათაც ხო ასე ეფერებოდნენ-მეთქი თავიანთი დედები, წვალებით ზრდიდნენ, რამდეჯნერ ღამეს უთევდნენ, რამდენ ზრაპარს უყვებოდნენ, რამდენ სათამშოს ყიდულობდნენ.. 
ნაფერები ადამიანები.. 
და ვიღაც მოკლავს!

არც მინდა დაფიქრება, გააზრება... და მაინც, რა ჯანდაბად მეფიქრინება! 
ყველაფრის მეშინია, ყველაფრის - ადამიანის, მანქანის, ბუნების, ცხოველების, სიმაღლის, მიწიდან ამოჩრილი ქვისაც კი!
ერთი დიდი ”ფობია” გავხდი! მეგაფობია!

სულაც, რატომ ჩნდება ადამიანი?
ჩასახვის დღიდან მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, უსუსურია, განსაკუთრებით განგების მიმართ (და მაინც, რას გაიგებ რა არის ეს ”განგება”). 
ვის უჭკუობა ღუპავს, ვის უღონობა.. მაგრამ თუნდაც ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ღონიერი გახდე, შეიძლება სახურავიდან ჩამოვარდნილმა კრამიტმა მოგკლას, შეიძლება დარდმა, რაიმე უკურნებელმა, ან ძალიანაც განკურნებადმა სენმა.. 
ჯერ მარტო, იმდენნაირი ავადმყოფობა არსებობს! ბრრ... 
მერე რამდენი ტკივილი ელოდება, ფიზიკური, სულიერი, იმდენი იმედგაცრუება.. 
და ისეთი ხანმოკლეა თვითონ სიცოცხლეც! ისეთი ხანმოკლე! გაფიქრებაც მზარავს! 
ვგიჟდები, განა ასე ძნელია იმის გააზრება, რომ ამ პაწაწუნა სიცოცხლის მანძილზე ,უბრალოდ უნდა ეცადო მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ყველაფრით, რაც კი კეთილბუნებისაა, რაც კი სხვასაც არ მოუტანს ზიანს - სიყვარულით, მეგობრობით, სილამაზით (ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ ასეა)....  და რომ, აზრი არ აქვს ჩხუბს რაღაც სისულელებისთვის, გატეხილი თეფშისთვის, დაკარგული ნივთისთვის, ფეხზე დაბიჯებისთვის.. თუ რა ვიცი, რაც არ უნდა იყოს! 
რა აზრი აქვს ომს და ერთმანეთის კვლას იმის გულისთვის, რასაც საფლავში ვერ წაიღებ!
რა იდიოტია ადამიანი!

იდიოტი!!
არადა, რა ცოტა კმარა ბედნიერებისთვის.
http://www.youtube.com/watch?v=eq2bShkYl20






No comments:

Post a Comment