2 All Who Loves 2 Live :))

WELCOME!

Pages

Sunday, August 15, 2010

2008-ის აგვისტო და სააღდგომი კვერცხი

ანუ, დაგვიანებული გამოხმაურება აგვისტოს ომის ორიწლისთავს.
ბევრი პოსტი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ჩემი იმდროინდელი ემოციები უმოწყალოდ გამნელებია. ორი წელი ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ნეგატიური მოვლენების სიჭარბემ, რაღაც გულგრილობის მსგავსი იმუნიტეტი ჩამომიყალიბა.
ზოგადად, ყველაზე მეტად ორი რამის მეშინია – ომის და ბუნებრივი კატაკლიზმების.
ვთვლი რომ პაცეფისტი ვარ და რომ, არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშნელოვანი და ძვირფასი. კარგი, ეს ყველაფერი ბოდვაა. ორი წლის ამბებს გავიხსენებ მოკლედ -
წლის აგვისტოში ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი (ეს ფოტო ომამდე ორიოდე დღით ადრეა გადაღებული). სქესი უკვე ვიცოდი – გოგო იყო. საზღვართან რომ სროლები დაიწყო კოჯორში ვისვენებდი. ტელევიზორი კი იყო შენობაში, მაგრამ მე მასთან შეხება არ მქონდა, დამსვენებლებისგან ვგებულობდი უცნაურად პოზიტიურ ინფორმაციას – რომ ქართველებმა კუდით ქვა ასროლინეს ოსებს, მოგვიანებით რუსებსაც, დაიკავეს სოფელი ესა და ეს.. ვფიქორბდი, აქ რაღაც ისე ვერ არის-მეთქი, მაგრამ, გულახდილად გეტყვით და დიდი მნიშვნელობა ამ ამბისთვის არ მიმინიჭებია. ბოლოს, მგონი ამ გაუგებრობიდან მესამე დღეს, მეზობელი ოთახიდან კაცი გამოვარდა ველური ყიჟინით – ცხინვალი ავიღეთ, ცხინვალიო და სიხარულის მაგივრად, ენა ჩამივარდა. მეექვსე გრძნობით დაჯილდობეული არ ვარ, ეს ნამდვილად ვიცი უკვე წლების გამოცდილებით, ჰოდა, ალბათ უფრო ლოგიკამ მიკარნახა – არ შეიძლება ეს ამბავი კარგად დასრულდეს-მეთქი.
ჩემი ქმარი თბილისში არ იყო. მუშაობდა და დროდადრო მირეკავდა. მშინაც, დამირეკა, ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ. მერე ეზოში გავედი და ხის მერხზე დავჯექი. დასასვენებელი სახლის დირექტორი მოვიდა – როგორ ხართ-მეთქი, ვკითხე. როგორ ვიქნები, საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებულიო. ეს რას ნიშნავს-მეთქი – როგორ თუ რას, რეზერვისტებს ეძახიანო.
მერე არ მახსოვს ოთახში როგორ შევედი. ჩემს ქმართან დავრეკე და მითხრა, არ გითხარი, რომ არ გენერვიულა, როგორც კი ჩემი შემცვლელი მოვა, უნდა გამოვცხადდეო. ბარგი სასწრაფოდ ჩავალაგე. ტუჩები დავიგლიჯე, წარბებიც. ხელები დამილურჯდა. ვიცოდი, რომ არ უნდა მენერვიულა, მაგრამ, სულ კუბო მედგა თვალწინ. ისედაც ისტერიკა ადამიანი ვარ, ნერვებმა ამიტანა და კედლებზე მახეთქებდა. მუცელი გამიმაგრდა და მტკიოდა. სულ ერთი წამით ვიფიქრე – ღვთისმშობელო, ოღონდ ნუ მომეშლება და მარიამს დავარქმევ-მეთქი! თამარის დარქმევას ვაპირებდით, ჩემი პაპიდის სახელია, ყრუ-მუნჯი ქალი იყო და ის მზრდიდა. თან, დიდად არ მომწონს ხშირი სახელები, მარიამი ხომ საქართველოში ყოველ მეორეს ჰქვია ლამის.
თბილისში ჩამოვედი, მეორე დღეს ჩემი ქმარი აღრიცხვაზე წავიდა. რომ მოვყვე რაც ხდებოდა, ისედაც ყველამ იცით. ყოველწამს უკან ვიხევდით, რეზერვისტები, რომლებიც უკვე გაეწვიათ ხან სად იბომბებოდნენ და ხან სად.. მთელი დღე მოვთქვამდი და ისევ სულ კუბო მელანდებოდა. ჩემი ქმარი დაბრუნდა – გაწვევა შეაჩერესო, მითხრეს ქალაქი არ დავტოვო, ნებისმიერ წუთს შეიძლება დაგვიძახონო. არადა, უკვე ჩვენს ტერიტორიებს ბომბავენ. არ მინდოდა გამარჯვება, მინდოდა ყველა უკან დაბრუნებულიყო და ეს ყველაფერი როგორმე შეწყვეტილიყო. თბილისში ყოფნის მეშინოდა, არადა, სად უნდა წასულიყავი, ყველა რეგიონი დაიბომბა თითქმის.
მერე ის იყო, თბილისზე მოდიანო, ჩვენი ბედოვლათი პრეზიდენტი ჰალსტუხს ჭამდა, დანა-ჩანგალი აიღეთ და თავი თვითონ დაიცავითო. იმ ღამით სადღაც თბილისთანაც ხომ ჩამივარდა ბომბი. აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა. გიჟივით წამოვხტი, გავრბოდი, ოღონდ არ ვიცი სად. მოპირდაპირე კორპუსიდან აივანზე ქალი გდმოდგა – გიოო, ამოდი, გვბომვავენ მგონიო (დღემდე მეცინება იმ ქალზე)!
მერე წყნეთში წავედით. თითქოს ბომბდამშენებს ვემალებოდით. მაგრამ, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ სისულელე იყო სადმე დამალვა. ჩემმა ქმარმა ასანთი, პური და კონსერვები იყიდა და მანქანის საბარგულში ჩააწყო, შეიძლება ტყეში დაგვჭირდესო. შიშით ვუსმენდი ცაში მოგუგუნე ვერტმფრენების ხმას. ომი წავაგეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, ბიჭები უაზროდ დაგვიხოცეს. მერე, ნელ-ნელა ყველაფერი მიწყნარდა.
მუცელი არ მომშლია. შინ დავბრუნდით. მთელი ზაფხულის მანძილზე დაცარიელებული სახლის დალაგება და დასუფთავება დავიწყე. კარადაში, ვერცხლის სირჩაში ძველი სააღდგომო კვერცხი მედო. ხელი რომ მოვკიდე, თითები დამილბო.. მაშინვე ზიზღით დავდე, კვერცხი თუ გატყდა-მეთქი და თითები გაუაზრებლად დავყნოსე – ზეთის სუნი ჰქონდა. დაიჯერებთ? მე არ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა. სირჩის ძირი დაფარული იყო ზეთით, კვერცხის ნახევარიც, რომლითაც სირჩაში იდო – ზეთიანი იყო.
ეს სირჩა და კრიალოსნიდან მოხსნილი გიშრის მძივი ერთმა ქალმა მაჩუქა, როცა გიორგი შემეძინა. ეს ქალი კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანი) რძალი იყო. სირჩაც და მძივიც პატრიარქის ნაქონი იყო. სააღდგომო კვერცხი აღარც მახსოვდა რა დროიდან იყო სახლში. მეზობლის ქალმა აჩუქა გიორგის, წლისაც არ იყო მგონი მაშინ, აუჩემებია. კვერცხზე სამი წმინდანის გამოსახულება იყო დაკრული (სწორედ ისე, როგორც ამ ფოტოზე) - წმ. გიორგი, ღვთისმშობელი ყრმით და კიდევ ერთი წმინდანი ქალი, რომელიც დღემდე ვერ ამოვიცანი.
თავსაფარი შემოვახვიე და ეკლესიაში გავიქეცი, ჩემი სახლიდან ათი წუთი უნდა ფეხით იქ მისვლას. შუადღე იყო, ძალიან ცხელოდა. ისე შევვარდი, გიჟს გვავდი ალბათ. მამაო თაძარში ორ ქალს ელაპარაკებოდა. სირჩა და კვერცხი ვაჩვენე. აიღო, შეათვალიერა, დაყნოსა და ეამბორა. შემომხედა და მითხრა – კვერცხს ზეთი სდის, ახლა მარიამობის მარხვაა, გოგო თუ გეყოლება, მარიამი დაარქვიო. სახტად დავრჩი – ნამდვილად გოგო არის-მეთქი. ეს შინ წაიღეო. განსაცდელის ჟამს ასეთი რამეები ხშირად ხდებაო, გატრიალდა და წავიდა.
მარიამი 17 დეკემბერს დაიბადა, ბარბარობას. ნაცნობმა მამაომ კურთხევა მომცა ბარბარე დაარქვიო. მაინც ვერ დავარქვი ბარბარე.

No comments:

Post a Comment